შინაგან საქმეთა სამინისტრო

საია მამხილებელი პოლიციელის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს გათავისუფლებული პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი არის მამხილებელი, რომელიც დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით. აქედან გამომდინარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მისი პასუხისმგებლობის დაყენება არასწორია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აპირებს, ბოლომდე აწარმოოს მონიტორინგი საქმეზე. მისი თქმით, საია ასევე დაინტერესდება იმ გათავისუფლებულ რვა პოლიციელით, რომლებიც იმავე ბრალდებით გაუშვეს სამსახურიდან და მათი ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. 

19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ. მამხილებლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

კომენტარები