21 მარტის აქცია

ენმ-ის აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე დაიწყება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 21 მარტის საპროტესტო აქციის ადგილს ცვლის. მსვლელობა 15:00 საათზე ბარათაშვილის ქუჩიდან (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) დაიწყება. მიტინგი კი, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შეკრების ადგილის ცვლილების მიზეზი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა აქციაზე დაგეგმილზე ბევრად მეტ ადამიანს ელოდება.

"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე. მანამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე , მეორე ეგრეთ წოდებულ კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. აქცია დაიწყება თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ეგრეთწოდებული მიტინგი.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის რომ არის შეურაცხყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ რომ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა", - თქვა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები