ჟენევის მოლაპარაკებები

რუსეთი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გეგმებით შეშფოთებულია

"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გეგმებით და ქვეყანაში ალიანსის ინფრასტრუქტურის შექმნით შეშფოთებულნი არიან",- ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებისა შედეგებისადმი მიძღვნილ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშული. ოფიციალური მოსკოვი თბილისისგან ცხინვალთან და სოხუმთან ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს NATO-ში შემდგომი ინტეგრაციის გეგმებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მოძრაობა ამ მიმართულებით ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს და ამით ეწინააღმდეგება ჟენევის დისკუსიებისთვის საბაზისო 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ალიანსის გეგმები საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის შექმნასა და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით",- წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

იგივე პრეტენზიები თბილისის მიმართ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმს ლიდერმა რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში სწრაფვა ცხინვალში საფრთხედ აღიქმება და თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებს გაფორმება მოითხოვა. მისი თქმით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საოკუპაციო ხაზის დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს.

"ხელშეკრულება საერთო თავდაცვით სივრცეს, მათ შორის, საქართველოსთან საზღვრის დაცვას ითვალისწინებს. 2009 წლის შეთანხმების შესაბამისად აქ ერთობლივად მუშაობენ რუსული FSB-ს და ჩვენი მესაზღვრეები. ხელშეკრულება ამ თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს, რათა საზღვარი მთლიანად იყოს დაცული და ტექნიკურად უზრუნველყოფილი. ხელშეკრულების მიხედვით, ყოველი მხარე მეორე მხარის წინააღმდეგ აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ აგრესიად განიხილავს. დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს ჯარების განლაგება, რაღაც ცენტრების შექმნა იგეგმება და ეს ჩვენთვის საფრთხეს წამოადგენს. დღეს საქართველოსთან ურთიერთობა ჟენევის დისკუსიებზე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს. ჩვენ გამოვდივართ წინადადებით ხელი მოეწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველო ამას თავს არიდებს და შესაბამისად, ეჭვი ჩნდება, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება არის დაგეგმილი", - თქვა თიბილოვმა.

ჟენევის მოლაპარაკებების გუშინდელი რაუნდი რვა საათს გრძელდებოდა. მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა პარალელურად მოსკოვში ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების ხელმოწერის გამო. თუმცა, ქართული მხარე დისკუსიაში მონაწილეობას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს და ე.წ. მოკავშირეობის დოკუმენტს არალეგიტიმური უწოდეს.

კომენტარები