ზუგდიდის ინციდენტი

უმცირესობა ბავშვებისთვის ფილმის ჩვენებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამეტო უმცირესობა ზუგდიდში, ფოთსა და ხობში არასრულწლოვნებისთვის მძიმე კადრების ჩვენებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნა.

"პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მის არაადეკვატურობას უკვე საზღვარი არ აქვს. როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ ამ საქმის გამოძიებას, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. რომელსაც შესაძლებობა ექნება ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დაწვრილებით შესწავლის", - თქვა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ფილმში ნაჩვენები გაუპატიურების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სისხლიანი ცხედრების კადრები არასრულწლოვნებს ფოთში, ხობსა და ზუგდიდში აჩვენეს. ოფიციალურად ფილმის ჩვენების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის". თუმცა, ჩვენებაზე მისული ადამიანები აცხადებდნენ, რომ იქ სკოლის დირექტორის ან გამგებლის დავალებით მივიდნენ.

კომენტარები