ზუგდიდის ინციდენტი

ქართული ოცნება: პარტიის ცალკეული წევრები მონაწილეობდნენ ზუგდიდის ინციდენტში

"მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში პარტია ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, გამოიკვეთა პარტიის ცალკეული წევრების მონაწილეობა ზუგდიდის ინციდენტში", - ნათქვამია ქართული ოცნების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ზუგდიდში, 20 ივლისს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ზაალ თოდუა პარტიიდან გარიცხა, ლაშა გოგიას და გაიოზ მონიავას კი გაფრთხილება და წერილობითი გაფრთხილება მისცა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს", - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით ერთი განცხადება უკვე გააკეთა. მასში პარტია ზუგდიდში განვითარებულ ძალადობას გმობდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ინციდენტის შეფასებისას გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო დისკრედიტაციის მცდელობად აფასებდა. 

კომენტარები