საბანკო სექტორი

თებერვალში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით გაიზარდა

iStockPhoto

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თებერვალში საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით ანუ 38 მილიონით არის გაზრდილი და 294 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 11%-იანი ზრდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დაფიქსირდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 16%-ით გაიზარდა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2014 წლის მანძილზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. ვადაგადაციელბული სესხების რაოდენობის ზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება.

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. იანვარში ლარის კურსის მცირედი დასტაბილურების გამო, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შემცირდა, თუმცა თებერვალში ლარის გაცვლითი კურსის 12%-იანი გაუფასურების გამო, მათი მოცულობა გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში არსებული სრული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი - 59% ანუ 176 მილიონი ლარი - მოკლევადიან სესხებს ეხება. ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი - 58% ანუ 88 მილიონი ლარი -გრძელვადიან სესხებზე მოდის.

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების შედეგად ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები