21 მარტის აქცია

კუბლაშვილი: სუს-ის თანამშრომლები ხალხს აშინებენ, რომ აქციაზე არ მოვიდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლები რეგიონებში მათ მხარდამჭერებს აშინებენ, რათა 21 მარტის აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ. პავლე კუბლაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, პარტიის ადგილობრივი ოფისების წევრებსა და ავტომობილების მძღოლებზეც კი ახდენენ.

"ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ შსს-ს და კონკრეტულად ე.წ. სუს-ის თანამშრომლები. მათი მხრიდან ადგილი აქვს დაშინების მცდელობას იმ პირთა მიმართ, რომლებიც მოდიან 21 მარტის აქციაზე. ავტომობილების მძღოლებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ჩვენი აქციის მონაწილეები დედაქალაქში, არის ზეწოლა და დაშინება, რომ არ წაიყვანონ. არის ადგილობრივ ჯგუფებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, პარტიის წევრებზეა დაშინება", - თქვა კუბლაშვილმა.

პავლე კუბლაშვილის ბრალდებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა. მისი თქმით, ოპონენტის სიტყვების სიმართლეს გამოძიება დაადგენს, თუ ენმ ფაქტს წარმოადგენს.

კომენტარები