კრიზისი უკრაინაში

რადამ პრორუსი ტერორისტების მიერ დაკავებული ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადა

"უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების კანონიერ წარმომადგენლებად მხოლოდ ლეგიტიმურად არჩეულ ლიდერებს აღიარებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუმინეთში ვიზიტის დროს განაცხადა. პოროშენკოს თქმით, უკრაინა მინსკის შეთანხმების ყველა პირობას ასრულებს.

"უკრაინის პოზიციაა, რომ ჩვენ საქმე გვექნება მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის იმ წარმომადგენლებთან, რომელებიც არჩეული იქნებიან კანონიერ საფუძველზე, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებზე, ეუთო-ს მეთვალყურეობის ქვეშ და რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს. ეუთო-ს წარმომადგენლებს შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ უკრაინა თავის ვალდებულებებს ასრულებს. უკრაინამ გაიყვანა მძიმე შეიარაღება პროცედურის შესაბამისად და მზადაა ჰუმანიტარული საკუთრების გადასაწყვეტად", - თქვა პოროშენკომ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორიები დროებით ოკუპირებულად გამოაცხადა. ეს სტატუსი იმ დრომდე შენარჩუნდება, ვიდრე ამ რეგიონებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები არ დატოვებენ. ამავე სხდომაზე რადამ დაამტკიცა კანონპროექტი ამავე ტერიტორიებზე განსაკუთრებული თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის წინააღმდეგ ფრაქციები ბატკივშჩინა და რადიკალური პარტია გამოვიდნენ.

ფრაქცია ბატკივშჩინას ლიდერის იულია ტიმოშენკოს თქმით, "დადგენილება, რომელსაც გვთავაზობენ, ზუსტად, კოორდინატებისა და დასახლებული პუნქტების მიხედვით გამყოფ ხაზს აფიქსირებს. ეს არის რუსეთსა და უკრაინას შორის დე ფაქტო ახალი საზღვრის დაფიქსირება. გამყოფი ხაზის იქით იბატონებენ ადამიანები, რომლებსაც ხელი უკრაინელების სისხლში აქვთ გასვრილი და იქ არ მოქმედებს უკრაინული კანონები და სამართალი", - თქვა ტიმოშენკომ.

რადიკალური პარტიის ლიდერის ოლეგ ლიაშკოს განცხადებით კი, "მოდით, ჯერ გავათავისუფლოთ ეს ტერიტორია და შემდეგ მივიღოთ კანონები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, იქ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ".

უმაღლესმა რადამ მიიღო ასევე მიმართვა გაეროსა და ევროკავშირის მიმართ ქვეყანაში სამშვიდობო ძალების გამოგზავნით თხოვნით.

კომენტარები