მოსკოვი-ცხინვალის ხელშეკრულება

მოსკოვი და ცხინვალი ე.წ. ხელშეკრულებას დღეს გააფორმებენ

Presidential Press and Information Office

დღეს რუსეთის პრეზიდენტი და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი მოსკოვში ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების გაფორმება შეერთებულმა შტატებმა დაგმო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებთ, მოსკოვის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს ცხინვალთან და სოხუმთან ვაშინგტონი არ აღიარებს.

"შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიოა, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები არც ცნობს ე. წ. ხელშეკრულებების ლეგიტიმურობას მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის. არც ეს ხელშეკრულება, არც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო დოკუმენტს. რუსეთმა უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და გზა გაუხსნას ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის დისკუსიებს, როგორც კონკრეტული პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას", - თქვა პსაკიმ.

კომენტარები