მოსკოვი-ცხინვალის ხელშეკრულება

პრეზიდენტი: აღმაშფოთებელია, ჩვენს ძალისხმევას რუსეთი პასუხობს დესტრუქციულად

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია პასუხობს ყოვლად დესტრუქციული ქმედებებით, რაც პრობლემას უქმნის მოლაპარაკებების პროცესს და უკიდურესად ამწვავებს არსებულ ვითარებას.

"გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერასთან დაკავშირებით.

სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იგი ანექსიის ხარისხში გადაჰყავს.

აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია პასუხობს ყოვლად დესტრუქციული ქმედებებით, რაც პრობლემას უქმნის მოლაპარაკებების პროცესს და უკიდურესად ამწვავებს არსებულ ვითარებას.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გავაერთიანოთ ძალისხმევა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიის აღსაკვეთად და რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების შესაჩერებლად, რომელიც უხეშად უგილვებელყოფს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.

ვლადიმირ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი დღეს მოაწერეს. გაფორმებული დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

კომენტარები