ფოკუსი

16 მარტი,2015

- გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით აღიძრა. უწყება იტყობინება, რომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მშვიდობიანი აქციის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრი"-ს ოფისთან პროვოკაციული ქმედებების შედეგად, აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარის ხუთმა წარმომადგენელმა და ორმა პოლიციელმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი მხარის პროვოკაციულმა ქმედებამ გამოიწვია ჩხუბი.

- საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საქმეში არსებული "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ვიდეომასალის წარმომავლობასთან ერთად, დაუდგენელია სხვა საკითხებიც.

- 16 მარტს ის ვადა ამოიწურა , როდესაც სამინისტროებს ფინანსთა სამინისტროსთვის ხარჯების შეკვეცის საკუთარი გეგმები უნდა წარედგინათ. მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარჯების შეკვეცის საბოლოო გეგმები ჯერ წარდგენილი არ არის და ამ თემაზე მუშაობა მომავალი კვირის მანძილზეც გაგრძელდება.

კომენტარები