ციხის კადრები

გაუპატიურებისა და წამების კადრები არასრულწლოვნებს აჩვენეს

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

ფილმის ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სიტყვითაც გამოდიოდნენ და ყოფილი ხელისუფლების შესახებ საუბრობდნენ.

ოფიციალურად ფილმის ჩვენების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის". ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაც გამართეს. მათი მტკიცებით, ორგანიზებასა და აუდიტორიის შეგროვებაში ადგილობრივ თვითმმართველობებს დახმარება არ გაუწევიათ. თუმცა აღნიშნავენ, რომ აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებთან, რომლებიც სხვადასხვა მუნიციოპალიტეტის გამგეობასა და საკრებულში მაღალ თანამდებობებზე არიან. "ყველა თაობა საქართველოსთვის" წარმომადგენლების თქმით, ფილმის ჩვენებებზე დასწრება შეზღუდული არ ყოფილა და არასრულწლოვნები მშობლებთან ერთად მივიდნენ.

ინფორმაციას ჩვენებების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღეა, ვრცელდება, განათლების სამინისტრო ოფიციალური განცხადებით დღეს გამოეხმაურა. უწყებაში მომხდარს ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას უწოდებენ. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და თუ ამ პროცესში რაიმე ფორმით სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობა დადასტურდა, უმოკლეს დროში შესაბამის ზომებს მიიღებენ.

კომენტარები