21 მარტის აქცია

პრემიერი: ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირება არის გამიზნული პროვოკაცია

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. პრემიერი თვლის, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო, რომელიც ქვეყანაში ვითარების დაძაბვას ემსახურება.

"კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს, საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე", - წერია პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში", ანი ნადარეიშვილის ოფისში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ. დაიმსხვრა მინები და სცემეს ცენტრის თანამშრომლებს. ნადარეიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ და მისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მიჰყავდა მოქალაქეები დაგეგმილ აქციაზე.

კომენტარები