21 მარტის აქცია

შსს: ზუგდიდში დაპირისპირება პროვოკაციული ქმედებების შედეგად მოხდა

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. უწყება დაპირისპირებას პროვოკაციულ ქმედებებს უკავშირებს.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პოლიციის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. აღნიშნული აქციის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრი"-ს ოფისთან პროვოკაციული ქმედებების შედეგად, აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარის ხუთმა წარმომადგენელმა და ორმა პოლიციელმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციის თანამშრომლების აქტიური ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით, მიმდინარეობს მედიის საშუალებით გავრცელებული ვიდეოფირების შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში", ანი ნადარეიშვილის ოფისში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ. დაიმსხვრა მინები და სცემეს ცენტრის თანამშრომლებს. ნადარეიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ და მისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მიჰყავდა მოქალაქეები დაგეგმილ აქციაზე.

კომენტარები