ნადეჟდა სავჩენკო

უკრაინელ ექიმებს ნადეჟდა სავჩენკოსთან შესვლის ნებართვა მისცეს

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

რუსეთის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ უკრაინელ პილოტ, ნადეჟდა სავჩენკოსთან უკრაინელი ექიმები შეუშვეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

უკრაინელ ექიმთა ჯგუფი მოსკოვში პარასკევს ჩავიდა, მაგრამ მათ ამ დრომდე სავჩენკოსთან შესვლის ნებართვას არ აძლევდნენ. ნადეჟდას ადვოკატის, მარკ ფეიგინის თქმით, რუსეთის მთავრობამ თავდაპირველად ნება დართო უკრაინელ ექიმებს, რომ სავჩენკო მოენახულებინათ, თუმცა ისინი პატიმართან მაინც არ შეუშვეს. ზემოაღნიშნულის გამო, ფეიგინმა რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში სარჩელი შეიტანა.

რამდენიმე დღის წინ სავჩენკომ განაცხადა, რომ თუ უკრაინელ ექიმებს მასთან შესვლის ნებართვას არ მისცემდნენ, ის ორშაბათიდან შიმშილობას განაახლებდა.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივლისში დააკავეს და რუსეთის მთავრობას გადასცეს. სავჩენკოს ბრალად ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა ედება. ცოტა ხნის წინ, უკრაინელმა პილოტმა, უკრაინის პარლამენტის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, რამდენიმე თვიანი შიმშილობა დაასრულა.

კომენტარები