ფოკუსი

13 მარტი, 2015

- საქართველოს პრემიერმინისტრი ოპოზიციას ფარისევლობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტონ აჟიოტაჟი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული ქვეყნის ბედით და მათი მიზანი არსებული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვაა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში თავისუფალი თაობისა და თავისუფალი ზონის წევრები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ორგანიზაციების წევრების პროცესები მიმდინარეობდა სასამართლოში. თავისუფალი თაობის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
- დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე მუშაობს. მინისტრის თქმით, ეს ბიუჯეტის შემოსავლების 700-800 მილიონით შემცირებას გამოიწვევს, თუმცა ეკონომიკას წაახალისებს.
- რუსულმა ტელეარხებმა ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი დღეს ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ლებედევს შეხვდა. ვიდეოჩანაწერში პუტინი მას სასამართლოს რეფორმირებაზე ესაუბრება. რუსეთს პრეზიდენტი ერთი კვირს განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა და ყაზახეთში ვიზიტი და რამდენიმე დაგეგმილ ღონისძიება გააუქმა.

კომენტარები