აშშ-ის ელჩი

პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად იან კელი წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად იან კელი წარადგინა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, იან კელი მინისტრ-მრჩევლის კლასის კარიერის დიპლომატია. ის 2013 წლიდან დღემდე ილინოისის უნივერსიტეტში (ჩიკაგო) სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ-დიპლომატად მუშაობს.

"ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010-2013 წლებში, იან კელი, ელჩის რანგში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელი იყო. 2009-10 წლებში იან კელი სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. 2007-09 წლებში ის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-07 წლებში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი იყო. 2000-04 წლებში იან კელი იტალიაში, 1997-2000 წლებში კი თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცრად მუშაობდა. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინატორის ოფისში პროგრამის ოფიცერი იყო. იქამდე ბატონ კელის ეკავა სხვადასხვა პოზიციები აშშ-ის მისიებში ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იტალიაში. 1985 წელს დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ის ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო და ნიუ-იორკში ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა. ბატონ კელის ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული", - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

კომენტარები