აშშ-ის ელჩი

ბრიჯიტ ბრინკი: გამოძიების მიმართ დიდი ინტერესი გვაქვს

sires.house.gov

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე საუბარი 17 მაისის მოვლენებსა და ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებს შეეხო.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აშშ მიესალმება პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ 17 მაისის ძალადობა გამოძიებული იქნება და ყველა დამნაშავე დაისჯება.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაკავებას, ელჩის თქმით, ვაშინგტონს უდიდესი ინტერესი აქვს ოპოზიციის წარმომადგენელთა საქმეების გამოძიების მიმართ და ყურადღებით აკვირდება მათ დაკავებასა და ბრალის წარდგენას. "შეერთებული შტატების გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რაც ასევე მოიცავს დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერას, ისეთების, როგორიცაა, ბუნებრივია, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

მან 24 მაისს დაგეგმილ აქციაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, "ვიცით იმ შეკრების შესახებ, რომელიც დღესაა დაგეგმილი. აშშ-ის პოზიცია უცვლელია. ნებისმიერი დემოკრატიისთვის აუცილებელია, დაცული და გარანტირებული იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება". 

 

 

კომენტარები