სავიზო რეგულაციები

კაპანაძე: ახალი სავიზო რეგულაციები უვიცობის და ქსენოფობიის შედეგია

თეორემა/ტაბულა

პრობლემები, რაც საქართველოს ახალი სავიზო რეგულაციებს უკავშირდება, ხელისუფლების წევრთა უვიცობამ და ქსენოფობიამ გამოიწვია. ამის შესახებ ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.  

„ძალაინ სამწუხაროა, რომ ბევრ ადმიანს მთავრობაში არ ესმის, რას ითხოვდა ჩვენგან ევროკავშირი. ერთი ბოროტებაა, როდესაც ადმიანი იტყუება და მეორეა, როცა არ იცის. ეს არის უვიცობა, იმიტომ რომ ევროკავშირს ჩვენგან არასოდეს მოუთხოვია სავიზო რეჟიმის  შემოღება ირანთან, ჩინეთთან და ა. შ. ეს უბრალოდ ტყუილია“,  - აღნიშნა კაპანაძემ.   

მის თქმით, მეორე პრობლემა არის ქსენოფობია. „რაც ჩვენ ბატონი ძიძიგურისგან მოვისმინეთ, არის ჩვეულებრივი ქსენოფობიური განცხადება, რომ ჩვენ არ ვართ „პრახადნოი დვორი“, ოღონდ „პრახადნო დვორი“ იგულისხმება ირანელების და „ვიწროთვალიანებისთვის“, როგორც ეძახიან ამ კონტექსტში და აშკარად არ გულისხმობს პორტუგალიელს, ესპანელს და  იტალიელს“,  - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, „მესამე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეს არის ჩვეულებრივი მაამებლობა... ეს პირდაპირ  ემთხვევა ბიძინა  ივანიშვილის რიტორიკას. იცით, ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებთან დაკავშირებული განცხადება, რომ მას უკვირს, რატომ არ მიდიან ისინი თავის სამშობლოში. წინასაარჩევნო პერიოდში კი იყო განცადება ჩინელებთან დაკავშირებით, რომ ხუალინ ჯგუფთან დადებული კონტრაქტის მიხედვით ასეულათასობით ჩინელი ჩამოვა საქართველოში“.     

კაპანაძის აზრით, პრობლემების მეოთხე მიზეზი  იყო თანამდებობს პირების მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ ირანს ეყოფა გაწონასწორებულობა და ადეკვატურობა და საქართველოს მთავრობის წევრთა არაკორექტულობას  არ უპასუხებს არამეგობრული ნაბიჯებით. 

კომენტარები