საქართველოს ეკონომიკა

ხადური: შემოსავლების სამსახურში ახალი თანამდებობა - მრჩეველი შეიქმნება

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მენეჯმენტში ახალი თანამდებობა - მრჩეველი შეიქმნება. ამ და სხვა დაგეგმილ სიახლეებზე ხადურმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მენეჯმენტში შეიქმნება ახალი თანამდებობა ეს იქნება მრჩეველი, რომლის ფუნქცია იქნება გადამხდელთა მოთხოვნების იდენტიფიცირება და ბიზნესომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობა.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან უკვე ერთიანი სახაზინო კოდი ამოქმედდება და დღეს არსებული 200-მდე კოდის ნაცვლად იქნება მხოლოდ ერთი, რაც ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელებს", - თქვა ხადურმა.

ხადურისვე თქმით, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-ით. ნაცვლად დღეს არსებული 20%-სა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო დავალიანების იძულებითი გადახდევინება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ დაიწყება, ნაცვლად პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

"ჩვენი მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა მიმართულია კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიიციების მხარდაჭერისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნის უზრუნველყოფისაკენ.

ამ მიზნით განხორციელებულია საკანონმდმებლო ცვლილებები, რომლის თანახმად ძალიან მნიშვნელოვანია რომ საგადასახადო დავალიანების იძულებითი გადახდევინება დაიწყება მხოლოდ საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ, ნაცვლად პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც აქამდე იყო. შემსუბუქდა სანქციები საკონტროლო სალარო აპარატის და სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის წესების დარღვევისთვის, ასევე დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის. გადასახადის დაგვიანებით გადახდისთვის დადგენილი საურავის ოდენობა 0,07%-დან შემცირდა 0,06%-მდე და ჩვენ კიდევ ვაპირებთ ამ მაჩვენებლის შემცირებას", - თქვა ხადურმა.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.


კომენტარები