საქართველოს ეკონომიკა

ქადაგიძე: არასწორია ფუნდამენტური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით

Bloomberg

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის ყოფილ შენობაში მიმდინარე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის მიმართ დასმულ კითხვებზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში სავალუტო რეზერვების ხარჯვა დანაშაული იქნებოდა. ქადაგიძის თქმითვე, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა აღიარებულია ყველა ორგანიზაციის მიერ და ითვლება ადეკვატურად.

"2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო სავალუტო შემოდინებებმა შემცირება, გამოსახული ექსპორტის, გზავნილების და რიგ შემთხვევაში ტურიზმის კლებაში. ამან გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება და მივიღეთ ის შედეგი, რაც ყველამ ვნახეთ. ამ დროს, პირველი მთავარი საკითხია, არის თუ რა გამოსავალი სავალუტო რეზერვების ხარჯვა?

1. სავალუტო რეზერვები არის ზუსტად ის თანხა, რომელიც არის გარანტი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის. სავალუტო რეზერვების სწორი მართვა და აკუმულირება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მისი ამ ვითარებაში ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია. ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო მაგალითით. უფრო შორსაც რომ წავიდეთ, ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რეგიონში, ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებში სავალუტო რეზერვების მესამედი ან 40% დახარჯეს, მაგრამ ამან ვერ უშველა ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებას და დარჩნენ ნაკლებად დაცულები და უფრო მეტად მგრძნობიარე კრიზისებისადმი.

2. არის საუბარი, თითქოს გვაქვს 900 მლნ დოლარით მეტი, ვიდრე არის საჭირო და გვაქვს ფუფუნება, ეს 900 მლნ გამოვიტანოთ გასაყიდად. ეს ასე არ არის. სავალუტო რეზერვების ადეკვატურობა იზომება საქონლის იმპორტის და მომსახურების სამი თვის გადაფარვის კოეფიციენტით. თუ სამი თვის იმპორტის გადაფარვა აქვს ქვეყანას, მაშინ ითვლება, რომ სავალუტო რეზერვები არის ადეკვატური. სამი თვის წლიური საშუალო, როგორც ეს იზომება მეთოდოლოგიურად, არის 800 მლნ-ზე ცოტათი მეტი. ამიტომ, ჩვენი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი არის 3, 3 და 2. რაც არის პრაქტიკულად სტანდარტი, ახლოს იმასთან, რაც უნდა გვქონდეს.

3. ისმის კითხვები - "თუ ასეა, რატომ ხარჯავდით 2009-2010 წელს რეზერვების მნიშვნელოვან რაოდენობას"? დიახ, იმ წლებში ჩვენ ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს მთავრობას მოჰქონდა 4.5 მლრდ დონორთა კონფერენციის ფარგლებში - სხვადასხვა ტიპის სესხები და გრანტები ანუ პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი იყო გამტარი დონორთა კონფერენციით მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახორციელებდით ინტერვენციებს, სავალუტო რეზერვების დონე ჩვენ მხოლოდ გვევსებოდა. არასდროს, ჯამურად სავალუტო რეზერვები ჩვენ არ გვიმცირდებოდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც ვაკეთებდით ინტერვენციებს. ამავე დროს, ჯამურად ჩვენი სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა აღიარებულია ყველა ორგანიზაციის მიერ და ითვლება ადეკვატურად, და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ადეკვატური პოლიტიკა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ევრობონდები, სხვადასხვა კომპანიის ქაღალდები ივაჭრება იმ ნიშნულებით მსოფლიოს სავაჭრო ბირჟებზე, როგორც ივაჭრება ჩვენზე უფრო განვითარებული ქვეყნების ანალოგიური ფასიანი ქაღალდები", - განაცხადა ქადაგიძემ.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები