ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: ქართული მხარე ენგურჰესის საკითხზე რეგულარულად ხვდება აფხაზურს

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ენგურჰესის საკითხზე ქართული და აფხაზური მხარეები რეგულარულად ხვდებიან. ამის შესახებ მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"21 წელი გავიდა. თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ რეგულარულად ხდება ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრები ენგურჰესთან დაკავშირებით. ასე რომ, ახალი არაფერი არ არის. ახალი კი არა, ყველაზე რეგულარული, ყველაზე ძველი, ყველაზე მდგრადი კონტაქტები ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის არის ენგურჰესთან დაკავშირებით. შედეგები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სინათლე და ენგურჰესი მუშაობს, ენგურჰესი ეკუთვნის საქართველოს და ექსპლუატაცია გრძელდება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ქართული მხარე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს ენგურჰესის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 6 მარტს შეხვდა.

კახა კალაძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ეწრებოდნენ დე ფაქტო ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნამორ ენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია. შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედგა.

აფხაზური მედიის ცნობით, როგორც აფხაზურმა მხარემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და განვიხილეთ ის საკითხები, რაზეც საერთო ინტერესია. ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება".

ბოლო პერიოდის მანძილზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ისმოდა. "ჩერნამორ ენერგოს" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ენგურჰესის კუთვნილების საკითხები აქტიურად განიხლებოდა. ენერგეტიკის სამინისტროში უარყოფენ, რომ ამ საკითხზე რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის კაშხალი არ მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

აფხაზეთს ელექტროენერგიით ენგურჰესი უზრუნველყოფს, სწორედ ამიტომ ენგურჰესის კაშხალი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია და მისი პრივატიზაცია არ იგეგმება.

კომენტარები