თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე პაატა ჯაჭვლიანის კანდიდატურა წარადგინა. ჯაჭვლიანი 2014 წლიდან მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ჯაჭვლიანს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე შეცვლის.
"ბატონ პაატა ჯაჭვლიანს აქვს ადმინისტრაციული მუშაობის დიდი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საბაჟო და საგადასახადო სისტემებში ამ კუთხით, ასევე, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. არის ომის ვეტერანი და მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტს გიორგი გურგენიძე დაიკავებს. ის არის ბიზნესის ადმინისტრირების და სახელმწფო მართველობის მაგისტრი. 2014 წლის სექტებრიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო, ხოლო მანამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე და მე მჯერა, რომ მისი გამოცდილება ტრანსპორტის და ადმინისტრირების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად წაადგება თბილისის მერიას. ის წარმატებულად გაართმევს თავს დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას" - განაცხადა ნარმანიამ.
დღესვე თბილისის მერმა მოადგილეებად ირაკლი ლექვინაძის და დიმიტრი ქუმსიშვილის, ხოლო ვაკის რაიონის გამგებლად ლაშა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა. დავით ნარმანიას თქმით, მთავრობის წევრობის კანდიდატებს დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს დღესვე გადაუგზავნის.
"დარწმუნებული ვარ, მათ ნდობის მოპოვება არ გაუჭირდებათ. თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი და დედაქალაქის წარმატებაა. ჩვენი განახლებული გუნდი ახალი შემართებით და ენერგიით ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს დედაქალაქში და ამას ჩვენი თანაქალაქელები სულ მალე იგრძნობენ" - განაცხადა დავით ნარმანიამ.





