კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში

თარგამაძე ნოდარ ჯავახიშვილს უწყებაში კორუფციის დამადასტურებელ მასალას უგზავნის

გივი თარგამაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილს სატენდერო მასალებს უგზავნის, რაც უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადასტურებს. მისი თქმით, ის შეჰპირდა ჯავახიშვილს აღნიშნული მასალის გაგზავნას და უგზავნის კიდეც.

"უკვე რამდენიმე კვირაა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი აკრიტიკებს საკუთარ ხელმღვანელს, მინისტრს. იძახის, რომ ამ დარგში ტყდება ფული ტენდერებიდან; იძახის, რომ რეგიონალური მმართველების თავები უნდა დაიყაროს, იმიტომ, რომ ისინი უშვებენ გადაცდომებს, როგორც მინიმუმ. ოღონდ ამ ყველაფრისთვის ითხოვს, ვინმემ მას მიაწოდოს შესაბამისი მასალა. ერთი კვირის წინ პარლამენტში შევპირდი მას, რომ მივაწვდიდი სრულ დოკუმენტაციას, დღეს ვასრულებ პირობას, საკმაოდ ტევად მასალას წერილის სახით ვუგზავნით ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს დოკუმენტაცია მოპოვებულია საჯარო სივრცეში. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ მინისტრის მოადგილეს შეეძლო, თავადაც მოეპოვებინა ასეთი ტიპის ინფორმაცია. მაგრამ მე მინდა, დავუშვა, რომ ამ სრული უნიათობის ფონზე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები არ მუშაობენ და ამიტომ ვერ შეძლეს ამის გაკეთება ამ ხნის განმავლობაში.

ყველა მასალას ვუგზავნით, თუ ამის შემდეგაც ვერ შეძლებენ, უფრო დეტალიზებული ინფორმაციის მოპოვებას, მოგვმართონ და გავუგზავნით იმ დონეზე დეტალიზებულ მასალას, რომ შეუძლიათ, პირდაპირ პროკურატურაში გააგზავნონ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ჯავახიშვილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის თვალს, ყურს, ფეხს თუ ხელს, მივმართავ ივანიშვილს. ჩვენ არ გვჯერა, რომ ებრძვის კორუფციას, მაგრამ ვინაიდან ამოითვალწუნა მისი ყოფილი ფავორიტის ღარიბაშვილის კლანი და სურს მის გარემოცვაში კორუფციის ფაქტების დადგენა, ესაა კონკრეტული ფაქტები და შეუძლია, გამოიყენოს", - თქვა თარგამაძემ.

კომენტარები