21 მარტის აქცია

ენმ: მთავრობა მოსახლეობას ატყუებს, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებს აამუშავებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ავლენს პანიკის ნიშნებს". როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, კანცელარიაში ყოველდღიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულებთან, გამგებლებთან, მერებთან და "მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ 21 მარტს რეგიონებიდან მოსახლეობა არ ჩამოვიდეს". ლევან ბეჟაშვილის თქმით, "ამისთვის სახელმწიფო ადმინისტრაცია მიმართავს ტყუილებს". დეპუტატის ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულები დადიან სოფლებში და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ აამუშავებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს - მიწების მოხვნის პროგრამას და სოფლის მეურნეობის სხვა პროექტებს.

"კიდევ ერთხელ უნდა ვამხილოთ მთავრობა მორიგ ტყუილში და მოვუწოდოთ სოფლის მოსახლეობას, რწმუნებულების ტყუილები არ დაიჯერონ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სათანადო მუხლებში ამ პროექტებისთვის დაფინანსება გამოყოფილი არ არის. ასე მაგალითად, კანონის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების თანადაფინანსებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისთვის შესაბამის გრაფაში წერია 0, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის სამუშაოებისთვის ასევე 0 წერია. ამიტომ მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ტყუილების კამპანია, შეწყვიტოს მოსახლეობის ტყუილი დაპირებებით გამოკვება და დაანებოს თავი 21 მარტთან დაკავშირებით მოსახლეობის დაშინებას და სხვადასხვა ღონისძიებების წარმოებას, რომ მოსახლეობამ 21 მარტს აქციაზე ჩამოსვლა ვერ შეძლოს. პირიქით, მოვუწოდებთ, რომ რწმუნებულები და მერები ჩაერთონ ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში და მოსახლეობის მოტყუებას თავი დაანებონ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები