სავიზო რეგულაციები

ირანის ელჩის კრიტიკული განცხადების შემდეგ მას თეა წულუკიანმა უმასპინძლა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ კრიტიკული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, თეა წულუკიანი ირანის ელჩს შეხვდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ირანის საელჩოს განცხადება არ ყოფილა. მხარეებმა ირანის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე, სამუშაო და სასწავლო ვიზებსა და სამომავლო ურთიერთობზე ისაუბრეს. მინისტრისვე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირანის საელჩოს განცხადების ორიგინალი თარგმანისგან განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ განცხადების თარგმანი, რომელსაც მინისტრი ხარვეზიანს უწოდებს, თავად საელჩომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანმა,  იმედის ეთერში, გადაცემა "ქრონიკაში" აღნიშნა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება მასშტაბური რეფორმა იყო და ამიტომ ყველასთვის უხარვეზო ან უმტკივნეულო ვერ იქნებოდა. მან დააზუსტა, რომ 2014 წლის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში, ტურისტების ნაკადი 42 000 ადამიანით შემცირდა, რომლებიც ჩინელებს, ერაყელებს, ირანელებსა და ეგვიპტელებს წარმოადგენდნენ.

მინისტრის ნათქვამს ირანის საელჩომ  გაუაზრებელი, არაკვალიფიციური, რასისტუტული და ქსენოფობიური უწოდა.

რასისტულად და ქსენოფობიურად შეაფასეს  წულუკიანის ნათქვამი სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალმა ორგანიზაციებმაც.

თავად იუსტიციის სამინისტრო ირანის საელჩოს კრიტიკას განცხადებითვე გამოეხმაურა.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები. სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრის გამოსვლას, რომელიც საქმეზე და გამოსავლის პერსპექტივის ჩვენებაზე იყო ორიენტირებული, ამგვარი შეფასებები მოჰყვა ირანის საელჩოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ერთი მხრივ, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებისათვის და მეორე მხრივ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან - ირანის სახელმწიფოსთან ირანელი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების თუ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად", - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მინისტრი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც გააკრიტიკეს. გიგა ბოკერიას თქმით, წულუკიანი პაუხისმგებელია როგორც ქსენოფობიური განწყობების გაღვივებისთვის, ისე სავიზო პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული უმძიმესი დარტყმისთვისაც.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, დეპუტატები არ თვლიან, რომ მინისტრის განცხადება ქსენოფობიური იყო. თუმცა, მმართველ გუნდში ესმით, რომ მსგავსი მასშტაბის რეფორმას ხარვეზები შეიძლება ახლდეს თან და, აქედან გამომდინარე, ირანის ელჩის გულის ტკენა გასაგებია.

მომხდართან განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. რიჩარდ ნორლანდი არ თვლის, რომ მთავრობის სავიზო პოლიტიკა ქსენოფობიურია. მან აღნიშნა, რომ მსგავს პროცესში ხარვეზების დაშვება ნორმალურია და დარწმუნებულია, რომ წამოჭრილ  პრობლემებს მთავრობა მოაგვარებს.

კომენტარები