საქართველოს პარლამენტი

ენმ: ხელისუფლებას სურს, წვრილმან ინტრიგნობას შესწიროს მნიშვნელოვანი საკითხები

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას გამოეხმაურა. დარჩიაშვილის თქმით, ეს სამწუხარო ფაქტი მიუთითებს ქართულ პოლიტიკურ სისტემაში შტოებს შორის არსებულ არაცივილიზებულ დამოკიდებულებაზე. დარჩიაშვილის შეფასებითვე, მსგავსი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი აინტერესებს.

“ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა ჩაიშალა, მიუთითებს - რა დამოკიდებულებაა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში შტოებს შორის, რომ ეს არის აბსოლუტურად არანორმალური, არაცივილიზებული, მე ვიტყოდი, და მიუთითებს აგრეთვე იმას, რომ წვრილმან ინტრიგანობას უნდათ, რომ შესწირონ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური მნიშვნელოვანი საკითხები, თემები. აი, ასე გაცხადებულად არშეხვედრა იმ ფონზე, როდესაც ამდენი გამოწვევა აქვს ქვეყანას... მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეხვედრისაგან რაიმე განსაკუთრებულს, ასე ვთქვათ, მოიფიქრებდნენ და რაღაცა შეიცვლებოდა ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ თავისთავად დამოკიდებულება აჩვენებს, რომ პირადი ინტრიგების, ბოღმის, ბრაზის და საკუთარი ინტერესების გარდა ამ ხელისუფლებას არაფერი არ აინტერესებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თიკო მჟავანაძის ინფორმაციით, შეხვედრის გადადება პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დღეს დილით, სატელეფონო საუბრისას სთხოვა. მჟავანაძე ვერ აკონკრეტებს, როდის გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.

კომენტარები