სავიზო რეგულაციები

წულუკიანი: საელჩოს განცხადება ორიგინალში სხვანაირად გამოიყურება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ წულუკიანმა აღნიშნა, რომ, ელჩის თქმით, ირანის საელჩოს განცხადება ორიგინალში ქართულთან შედარებით სხვანაირად გამოიყურება.

"დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი, ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა საელჩოს გუშინდელი განცხადება, ამის შესახებ ალბათ თავად საელჩო ისაუბრებს. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში, საელჩოს განცხადება სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ქართულად, ჩვენი ინტერესის საგანი იყო შეხვედრისას, ის 200-მდე ბინადრობა, რომელიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე 1 სექტემბრიდან - 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1-ლი სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა", - თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გუშინ ირანის საელჩოს განცხადება ინტერპრესნიუსმა უცვლელად გაავრცელა. სააგენტოს განმარტებით, მათ განცხადება საელჩოსგან ქართულ ენაზე მიიღეს. ცნობილი ხდება ასევე ის, რომ საელჩოს პრესსამსახური დღეს განცხადებას გააკეთებს.

გუშინდელ განცხადებაში კი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით არაკვალიფიციურს, გაუაზრებელს, რასისტულსა და ქსენოფობიურს უწოდებდა.

"ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა, და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.

მეორე - ისტორიის მანძილზე, ირანელები, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - წერია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.

თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო, ის რომ ბედნიერი იყოს, მაშინ არ უნდა ერქვას ტურიზმის სააგენტო. როგორც ჩემზე უფრო კომპეტენტური უწყება აცხადებს ამ სფეროში, 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საემიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ხომ შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს უნდა დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები