ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია თვლის, რომ საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების მიერ დავით ნარმანიას დაბარებაზე ოპოზიციის მხარის არდაჭერა ნიშნავს თბილისელების ინტერესებზე წინ ვიწრო პარტიული ინტერესების დაყენებას.
"ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება საკრებულოშია და თავისუფალი დემოკრატების სამი წევრი, რომელიც ჰყავს ალასანიას პარტიას, იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ უუნარო მთავრობაზე, ისინი ხელს აფარებენ უუნარო ნარმანიას, არ იბარებენ საკრებულოში და არ ეხმარებიან ნამდვილად რეალურ ოპოზიციას საკრებულოში. ეს არის ძალიან სავალალო თბილისელებისთვის. თბილისელების ინტერესებზე წინ ალასანიას პარტიამ და ქართული ოცნების უმრავლესობამ წინ დააყენა ვიწრო პარტიული ინტერესები, რაც შეურაცხმყოფელია თბილისისა და თბილისელებისთვის", - თქვა მელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას დაბარებისთვის საკმარისი ხმები ვერ შეგროვდა. მოთხოვნის ავტორი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იყო, მას 3 ხმა დააკლდა. ელისაშვილის მოთხოვნას არ შეუერთდნენ თავისუფალი დემოკრატები, რის ერთადერთ მიზეზადაც პროცესში ნაციონალური მოძრაობის ჩართვა დასახელდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისუფალმა დემოკრატებმა დავით ნარმანია ფრაქციის სხდომაზე დაიბარეს.





