თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერია აბსოლუტურად გაჩერებულია. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.
"რაც ყველაზე გულდასაწყვეტი და შემაშფოთებელია, არის ის, რომ თბილისის მერია აბსოლუტურად გაჩერდა. არ ვეხები კორუფციასა და ნეპოტიზმს - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის მერია აღარ ფუნქციონირებს. თბილისის მერია ვეღარ ასრულებს იმ ელემენტარულ საკუთარ მოვალეობებს, ვეღარ უმკლავდება იმ ელემენტარულ პრობლემებს, რაც თბილისის მერიის კომპეტენციაა ჩვენი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მიმდინარე წელს, როდესაც თბილისში იმართება ორი ძალიან დიდი ფორუმი, რომელსაც უშუალოდ თბილისი მასპინძლობს, რომ აღარ შევეხოთ EBRD-ს ფორუმს, რომელსაც ქალაქის ინფრასქტრუქტურა მოწესრიგებული უნდა შეხვდეს, როდესაც უცხოელები ჩამოდიან. იცით, რომ იმართება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში და შემდეგ იმართება უეფას სუპერთასის ფინალი. ოლიმპიადისთვის მზადება ძალიან ნელა მიმდინარეობს, ივნისში იმართება. ძალიან სამწუხაროა - დღევანდელ მერიის მდგომარეობას თუ შევხედავთ, შეიძლება, ითქვას, რომ თავს შევირცხვენთ. ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი თბილისისთვის მომავალში საერთაშორისო ღონისძიებისთვის. თბილისის მერიის ეს უუნარობა არა მხოლოდ აზარალებს თბილისს, არამედ ქვეყნის იმიჯს. ეს არის აბსოლუტურდად მოუთმენელი",-თქვა აბესაძემ.





