საქართველოს ეროვნული ნაკრები

კახა ცხადაძე: ფეხბურთელები ყოველთვის პასუხისმგებელი არიან მწვრთნელის წინაშე

კახა ცხადაძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. ცხადაძემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც 25 მარტს მალტასთან ამხანაგური შეხვედრისთვის, ხოლო 29 მარტს გერმანიასთან ნაკრებთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადებიან.

რამდენიმე ახალ სახესთან ერთად ცხადაძემ ნაკრებში დააბრუნა ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ყენია, ალეკო ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი. აღნიშნულ ფეხბურთელებს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ, თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტი მოუვიდათ და ეროვნულ გუნდში ამ მიზეზით აღარ თამაშობდნენ.

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (დილა გორი, საქართველო) რევაზ თევდორაძე (სამტრედია, საქართველო);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გურამ კაშია (ვიტესი,ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია,საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლაშა თოთაძე (დინამო თბილისი,საქართველო), გიორგი ფოფხაძე (იაგელონია, პოლონეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი ,რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე ორივე (ინტერი, აზერბაიჯანი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა ,თურქეთი);

ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე (იაგელონია ,პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი , რუმინეთი), ლევან ყენია (სლავია ,ჩეხეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი ,რუსეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო ,უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (კარპატი ,უკრაინა), კახა მახარაძე (ფახთაქორი , უზბეკეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი ,უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი,იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე (ტოსნო, რუსეთი).

ცხადაძის შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის დონე ვერ აკმაყოფლებს იმ მოთხოვნებს, რაც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება, ამიტომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში ძირითადად ლეგიონერები ჭარბობენ.

''არ მოგატყუებთ და, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, ამ ეტაპზე მთლიანად შემადგენლობა, თუ არ ჩავთვლით 2-3 ფეხბურთელს, გაფართოებულ სიაში ყველა ლეგიონერია. ფაქტი ერთია, რომ, სამწუხაროდ, გვჭირდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უფრო გაძლიერდეს. თუ არ გაძლიერდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ის ბავშვები, რომლებიც მოდიან და ძალიან კარგი ბავშვები არიან, ყველა ვხედავთ, რომ წარმატებულად თამაშობენ 17 და 19 წლამდე ნაკრებები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფოს და მთავრობის მოვალეობაც იქნება, რომ გაძლიერდეს ფინანსურად კლუბები, რომ მათ შეძლონ არამარტო ადგილობრივი ფეხბურთელებით, არამედ კარგი ლეგიონერების ჩამოყვანით გააძლიეროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და შემდეგ ამ ლეგიონერებთან ერთად ის ფეხბურთელები აუცილებლად მოუმატებენ და გაიზრდებიან. მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე'', - თქვა ნაკრების მწვრთნელმა.

ცხადაძის თქმით, მის გუნდს კონკრეტული მიზანი ექნება და ნაკრებმა საერთო შედეგზე უნდა ითამაშოს. ''სერიოზული გუნდი არის ის, რომელიც აღწევს შედეგს. გუნდმა ყოველთვის საერთო შედეგზე უნდა ითამაშოს. გამობრწყინებები და კარგი თამაშები ჩვენ ხშირად გვქონია. ჩვენ დროსაც იყო უელსთან 5-0 და სტუმრად 0-1 მოგება, მაგრამ რა მოგვცა? არაფერი არ მოგვცა, შესარჩევ ჯგუფში მესამე ან მეოთხე ადგილზე გავდიოდით და ვერ მოვხვდით ვერც მსოფლიო და ვერც ევროპის ჩემპიონატებზე'', - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძის თქმით, მალტის და გერმანიის ნაკრებებთან მატჩამდე ცოტა დროა დარჩენილი, რაც სრულფასოვნად მომზადებისთვის საკმარისი არ იქნება. ცხადაძისვე განცხადებით, მისი სურვილია მატლის ნაკრებთან იმავე ტაქტიკით ითამაშოს, რომლითაც გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

''მალტის თამაში თემურის მხრიდან სწორად იყო გათვლილი, რადგან გერმანიასთან თამაშის წინ ნაკრებს სათამაშო პრაქტიკა აუცილებლად სჭირდებოდა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მწვრთნელი შეიცვალა და მოვიდა ახალი მწვრთნელი, ის რომ 23-ში გუნდი შეიკრიბება და 25-ში თამაშია იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა დრო. ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ დავალაგოთ თამაში. იგივე მალტის ნაკრებთან თამაში იქნება წინაპირობა და მათთან იგივე სქემით გვსურს ვითამაშოთ, როგორც გერმანიასთან'', - აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გერმანიასთან მოახლოებულ თამაშსაც შეეხო და თქვა, რომ თამაში ყველასთან შეიძლება. ''გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვნახეთ, რომ ისინი სტაბილურად ვერ თამაშობენ, ბევრს შეიძლება, გაეცინოს, მაგრამ ყველასთან თამაში შეიძლება. სწორი თამაშის და კარგი ფუნქციონალური მდგომარეობის ხარჯზე ყველა მეტოქესთან შეიძლება თამაში'', - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებთან პირად საუბარში რამდენიმე მათგანს პესიმისტური განწყობა ჰქონდა, რაც დაუშვებელია. ცხადაძის თქმით, ნაკრები უკეთესად მას შემდეგ ითამაშებს, რაც ფეხბურთელები რწმენას დაიბრუნებენ და პასუსხიმგებლობას მწვრთნელთან ერთად გაიზიარებენ.

''რა შედეგი გვექნება ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც მალე დავალაგებთ თამაშს. ჩემი შეხედულებები ბევრად განსხვავდება იმ სექმებისგან, რაც ჰქონდა ნაკრებს. ფეხბურთელებმა ძალიან უნდა მოინდომონ და უნდა ამყვნენ, კიდევე ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ მე და ეს იქნება ყოველთვის ასე. თუმცა, ფეხბურთელები ყოველთვის პასუხისმგებელნი არიან მწვრთნელის წინაშე, როდესაც იქნება თამაშის გარჩევა. რამდენიმე ფეხბურთელთან საუბარი მქონდა და ზოგი პესიმისტურად იყო განწყობილი. დაველაპარაკე მათ და ზოგს უხეშადაც მივმართე ნეგატიური მიდგომის გამო. ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია, იმედი მაქვს და ვფიქრობ, მათი დონე აკმაყოფილებს იმას, რომ რაც შეიძლება, მალე დავალაგოთ თამაში. რაც მალე დავალაგებთ თამაშს, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება მაღალი შედეგებისთვის ვიბრძოლოთ'', - განაცხადა ცხადაძემ.

კომენტარები