თბილისის საკრებულოს რამდენიმე წევრი დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარებას ითხოვს. მამუკა ახვლედიანის თქმით, თბილისის მერის საკრებულოში დაბარების ინიციატორი დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია. ელისაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრაქციამ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ. თბილისის მერის საკრებულოში დაბარებისთვის 14 ხმის მოგროვებაა საჭირო, ამ დრომდე კი, საკრებულოს წევრებს მხოლოდ 10 ხელმოწერა აქვთ.
მამუკა ახვლედიანის თქმით, განცხადებაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ თავისუფალ დემოკრატებს, რომელთა ფრაქციაში 4 წევრია. ირაკლი ალასანიას პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციაში არიან და სწორედ ამიტომ, ახვლედიანმა მათ ნარმანიას საკრებულოში დაბარების საკითხზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მამუკა ახვლედიანი თბილისის მერიაში მაღალჩინოსნების დაკავების და გადადგომის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანის გადადგომა მერიაში პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ენმ-ის წევრმა დავით ნარმანიას მოუწოდა, თბილისის მთავრობა კომპეტენტური კადრებით დააკომპლექტოს.





