ბიზნესფორუმი

პრემიერი: თურქეთი და აზერბაიჯანი არიან ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები

ტაბულა

ბათუმში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიხსნა. შეხვედრას საქართველოს პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ასევე თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები ესწრებოდნენ. ბიზნესმენებს სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოა და ბიზნესმენების მიერ ინვესტირებული ყოველი ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი არიან ნამდვილი მეგობარი სახელმწიფოები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადობას, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობები. ჩემთვის მართლაც სასიხარულოა, რომ ეს ფორუმი ტარდება ბათუმში. ჩვენს ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს მართლაც სამაგალითო, კეთილმეზობლური ურთიერთობები, რითაც მე ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამით ამაყობს. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როცა ასეთი ძლიერი პარტნიორები გვყავს რეგიონში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის.

"ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს, საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ყველას ერთად შეგვწევს იმის ძალა, რომ მთლიანად ჩვენი რეგიონი ვაქციოთ მნიშვნელოვან მოთამაშედ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. მინდა, როგორც მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხლ გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის კარი თქვენთვის არის ყოველთვის ღია და მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო. თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული კანონის და სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა პრემიერმა.

ბიზნესფორუმში ქართული, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათი ინტერესის სფეროს ძირითადად სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროები წარმოადგენს

კომენტარები