ბიზნესფორუმი

ექსპო ჯორჯიაში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ბიზნესფორუმის ფარგლებში, თბილისში ირანის 87-მდე სხვადასხვა სამრეწველო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. საქართველო-ირანის ბიზნესფორუმს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე ქებრიაი ზადე ესწრება. დიპლომატის თქმით, საქართველოში დღეს ძალიან კარგი პირობებია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

"დღევანდელ საქართველოს ვერც კი შევადარებთ 20 წლის წინანდელ საქართველოს. ქვეყანაში დარეგულირდა კრიმინოგენური ვითარება, პოლიციამ სერიოზული რეფორმა განიცადა, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა", - განაცხადა ქებრიაი ზადემ. დიპლომატი აცხადებს, რომ ირანელ ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ ენერგეტიკის სფერო, ასევე მტკნარი წლის მარაგები და ტურიზმი. 

ბიზნესფორუმს ესწრება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც. მისი თქმით, როგორც ქართული, ასევე ირანული მხარე მოწადინებულია ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა გაღრმავდეს.

"გვაინტერესებს მათი მიღწევები, მოწვეულები არიან მეწარმეები და ამის შემდეგ გარკვეული ურთიერთობები დაიგეგმება", - განაცხადა ტყემალაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატი ეხმიანება საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშის გაყინვის თემასაც.

"ნებისმიერი ანგარიშის გაჩერებას თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს. ჩვენ მზად ვართ და ირანელებიც გახსნილები არიან, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესთანამშრომლობა შედგეს", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

"კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით", - ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ირანის სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელმა სეიტ ბაბაიმ, რომელსაც საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშის გაყინვის შესახებ ჰკითხეს.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ალბათ სხვებისთვის საზიანო იქნება. გარდა ამისა, კერძო სექტორი არანაირად არ ერევა პოლიტიკაში. იგივე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ ირანს, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ მათთვისვე შეიძლება იყოს საზიანო ირანთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე უარის თქმა", - განაცხადა სეიტ ბაბაიმ.

შეგახსენებთ, რომ ივნისში Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნულ სტატიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ  საქართველოს ირანელი ინდივიდების და იურიდიული პირების 150-მდე ანგარიში აქვს გაყინული. მოგვიანებით, Wall Street Journal-მა კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა ამ თემას - სტატიაში საუბარია, რომ ივანიშვილის მთავრობამ კონგრესზე ლობისტური შეტევა მიიტანა, რათა კარგად აეხსნა, რომ საქართველო ირანზე სანქციებს ნამდვილად ახორციელებს და პროდასავლურ კურსს ინარჩუნებს.

კომენტარები