ბიზნესფორუმი

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილმა მიმართა

სასტუმრო ჰოლიდეი ინში, საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიხსნა. პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან საკუთარ მიმართვაში ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების კულტურაზეც ისაუბრა.

"ებრაელები მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ საკუთარ კულტურას და თვითმყოფადობას საქართველოში, ამავდროულად, მაქსიმალურად იცავდნენ საკუთარ რელიგიას. უნიკალურია ის, რომ საქართველოში, რომელიც პატარა, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა, არავის არასოდეს შეუთვისებია ისე ქართული კულტურა, როგორც ებრაელ ხალხს. ამავდროულად, ისინი ხელშეუხებლად ინახავდნენ საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს. მოხარული ვარ, რომ ებრაელმა ხალხმა ბოლო ათწლეულებში დაიბრუნა საკუთარი სამშობლო ისრაელი. ვისურვებდი, სწრაფად დასრულებულიყოს ის დაპირისპირება და გაუგებრობა, რაც ისრაელის მიწაზე ხდება. თუმცა ამავდრულად ჩვენ გვაქვს ნოსტალგია და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ებრაელები. საქართველო თქვენი სამშობლოა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.  

პრემიერმინისტრმა ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც მისი ინიციატივით იქმნება.

"ამ ფონდში მონაწილებას მიიღებენ წარმატებული ქართველი ბიზნესმენები და, ამავდროულად, ამ ფონდს ექნება თქვენთვის თანაპარტნიორობის ფუნქცია. თუ თქვენ გექნებათ რენტაბელური პროექტი, ფონდი ნებისმიერ თქვენგანს პარტნიორობას გაუწევს. ეს დასაწყისისთვის ბიზნესს ძალიან ეხმარება. ფონდს ეყოლება გამჭვირვალე კვალიფიციური მენეჯმენტი და თუ თქვენი ბიზნესიდან იქნება დასაბუთებული, ჩათვალეთ, რომ ადგილობრივი ფინანსები 25-დან 75%-მდე გელოდებათ. მთელი მთავრობა მოწოდებულია იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, რამეთუ მხოლოდ ეკონომიკის აღორძინებით მიიღწევა ქვეყნის კეთილდღეობა. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით იმისთვის, რომ თქვენ ბიზნესი აწარმოოთ საქართველოში", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ფორუმის მონაწილეებს.

ბიზნესფორუმი ჰოლიდეი ინში დღეს გაიხსნა. ფორუმში ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარები