ფოკუსი

5 მარტი, 2015

- „არ ველოდებით არანაირ არეულობას და არც ვურჩევ ვინმეს, ეს დაგეგმოს" - ასე გამოხმაურა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 21 მარტს დაანონსებულ აქციას. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. მინისტრს იმ კონტაქციასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს. გომელაურის თქმით, პროვოკაციები ნაციონალური მოძრაობის წინა აქციაზეც იყო დაანონსებული, თუმცა არეულობა არ მოხდა. გომელაურისვე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქციაზე "წყნარად" არ იქნებიან, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის ზომებს მიიღებს.
- ეროვნული ვალუტა კი, გამყარების ტენდენციის შემდეგ, დღეს დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა - ამჯერად 3 თეთრით. მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე აკეთებდა კომეტარებს - როგორც ირკვევა, მთავრობა არ გეგმავს გადასახადების ზრდას და პრინციპში, კონსტიტუციის ნორმების გათვალისწინებით, ეს არც ისე მარტივი იქნებოდა. ამასთან, მთავრობა ემიჯნება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ბრალდებებს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის კორუმპირებულობის შესახებ.
- სამინისტროები ბიუჯეტის ათვისებას ჩამორჩენიან - ამ მიმართულებით ჩამორჩენა განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს აქვთ. უკან არიან თვითმმართველობებიც. პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი თვითმმართველობის ხელმძღვანელს ხელშეუხებლობის ილუზია შეექმნათ.
- ამერიკის შეერთებულ შთატებში ვიზიტით მყოფმა დავით უსუფაშვილმა კომეტარი გააკეთა როგორც ფრანსუა ოლანდის, ასევე ფედერიკა მოგერინის განცხადებებზე. პირველი მათგანი ნატოს გაფართოვებას, მეორე კი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ეხებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების, ნატოსთან კი უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმება მყარად აკავშირებს.

კომენტარები