ჟურნალისტზე ძალადობა

სახალხო დამცველი ირაკლი გედენიძეზე ძალადობის ფაქტს გმობს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს, - ამის შესახებ უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ნანუაშვილი გედენიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებით და ითვალისწინებს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გამოძიების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარმართვის ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად, გონივრულ ვადებში ჩატარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევ წერია, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია,, სამართალდამცავმა ორგანოებმა ორგანიზებული აქციის დროს მიიღონ ყველა შესაძლო კანონისმიერი ღონისძიება მსგავსი ქმედებების პრევენციისა და ზოგადად, ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. 

ირაკლი გედენიძეს გუშინ, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია "შემოულაწუნეს" დაწყებამდე სცემეს. ფოტოგრაფის თქმით, ის აქციის სამზადისს იღებდა, როდესაც მასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავად აქციის ორგანიზატორებისთვის კი, მათივე თქმით, ამ პირის ვინაობა უცნობია.

 

 

კომენტარები