ჟურნალისტზე ძალადობა

MDF: ვგმობთ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს

მედიის განვითარების ფონდი გმობს ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მომხდარზე. ასევე მოუწოდებს აქციის "შემოულაწუნე"ორგანიზატორებს, გაემიჯნონ ამ ფაქტს და დაგმონ ძალადობა.

"ჟურნალისტისთვის აქციის გაშუქებაში ხელის შეშლა, მით უმეტეს ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ პარტიებს და მათ აქტივისტებს, მედიის წარმომოადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ; სამართალდამცავებმა კი უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და კანონის ფარგლებში აღკვეთონ მსგავსი ქმედებები", - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. 

ირაკლი გედენიძეს გუშინ, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია "შემოულაწუნეს" დაწყებამდე სცემეს. ფოტოგრაფის თქმით, ის აქციის სამზადისს იღებდა, როდესაც მასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავად აქციის ორგანიზატორებისთვის კი, მათივე თქმით, ამ პირის ვინაობა უცნობია.

კომენტარები