- სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს მაქსიმუმ 2% იქნება და ეს ციფრიც რისკის ქვეშაა. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა ის რეკომენდაციები წარადგინა, რომელზეც ხელსიუფლებასა და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობდა. ორი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც სავალუტო ფონდს აქვს, გადასახადების ზრდასა და ხარჯების შემცირებას ეხება.
- პარლამენტში პლენარულ სესიაზე დებატებისას ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ეკონომიკურ კრიზისსა და ხარჯების შემცირებაზე ისაუბრეს. ზურაბ ჯაფარიძემ ინვესტორების ინტერესის კლებასთან ერთად სამუშაო ადგილების შემცირებას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა ისიც, რომ მცირდება ტურისტების რაოდენობა, ამასთან, არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაც გარდაუვალია. თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კი მთავრობის წევრების პარლამენტში მოსვლა და ანტიკრიზისულ გეგმის დეტალების მათთვის გაცნობა მოითხოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ ბრალდებები უარყო.
- თებერვალში ინფლაციამ 1.3% შეადგინა - სავალუტო კრიზისის გამო კი იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი გაზრდილია. ყველაზე შესამჩნევი ეს ჯანდაცვის სფეროშია - ჯანდაცვის ღირებულება საქართველოში 6.4 %-ითაა გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროში უკვე თქვეს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაგეგმილზე ნაკლებია თუმცა ნოდარ ხადური მარტის მონაცემებს ელოდება.
- დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ თქვა, რომ რუსულ მხარესთან მწვანილის ექსპორტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია რუსეთის ფედერაციიდან ფიტოსანიტრების ვიზიტი. ქართული მწვანილი დღეისთვის ექსპორტზე ძირითადად საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გადის. რუსული ბაზრის დახურვამდე ქართული მწვანილის მთავარ საექსპორტო ბაზარს სწორედ რუსეთი წარმოადგენდა. თავის მხრივ, რუსეთის ბაზარი დღეისთვის ქართული ღვინის მთავარ სექსპორტო მიმართულებას წარმოადგენს, თუმცა რუსეთში კრიზისის დაწყების შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტი 87%-ით შემცირდა.
ფოკუსი




