ბორის ნემცოვის მკვლელობა

საქართველოს საგარეო უწყება ბორის ნემცოვის მკვლელობას გმობს

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას გმობს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

"ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს. დარწმუნებული ვართ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, სწრაფად, ადეკვატურად და ყველა ადამიანი, ვინც არის დამნაშავე ამ საზარელ მკვლელობაში, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს, მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს" - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლეს. 55 წლის ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ზურგში ოთხჯერ ესროლეს. პოლიტიკოსი ქალბატონთან ერთად სეირნობდა, როდესაც რამდენიმე თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და მას ესროლა.

აღსანიშნავია, რომ როგორც 15 თებერვალს ნემცოვმა sobesednik.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც დედას ვურეკავ, ის მეუბნება: "როდის მორჩები პუტინის ლანძღვას? ის მოგკლავს!," სრულიად სერიოზულად"

ჟურნალისტის შეკითხვაზე - დედასთან მსგავსი საუბრების შემდეგ, ისიც ხომ არ შეიპყრო ასეთმა შიშმა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი პირადად, ან შუამავლის მეშვეობით მოკლავს, ნემცოვმა უპასუხა:

"იცით, დიახ...ოდნავ. ასე ძლიერად არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც.. თუმცა მე მისი არც ისე ძლიერად არ მეშინია. ძალიან რომ მეშინოდეს, ოპოზიციურ მარტიას სათავეში ალბათ არ ჩავუდგებოდი და არც იმით დავკავდებოდი, რასაც ვაკეთებ," - განაცხადა ბორის ნემცოვმა.

ვლადიმირ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი და პროვოკაციული უწოდა და საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები