კრიზისი უკრაინაში

კიევი პუტინის თანაშემწეს ტერორისტების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს

surkov.livejournal.com

უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების უშუალო ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. სამსახურმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისთვის სამოქმედო ინსტრუქციას წარმოადგენს.

კერძოდ, სურკოვმა სეპარატისტებს მიუთითა, რომ უარი ეთქვათ რეგიონში გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებაზე. რამდენიმე დღის წინ კიევმა სურკოვი ევრომაიდანზე სნაიპერების ხელმძღვანელობაში დადანაშაულა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზიდან, მინსკის შეთანხმების შესაბამისად, მძიმე ტექნიკის გაყვანას განაგრძობენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედროები გამყოფ ხაზზე შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად საკმარის ძალებს ტოვებენ, ასევე გაძლიერებულია თავდაცვა ყირიმის მიმართულებით. ტექნიკის გასვლის პროცესს ეუთო-ს დამკვირვებლები აკონტროლებენ. ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სამხედროები მზად არიან, მძიმე ტექნიკა პოზიციებზე საჭიროების შემთხვევაში მალევე დააბრუნონ.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, ღამით სეპარატისტები საერთო ჯამში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავდნენ. თუმცა, მათი ცალკეული ჯგუფები კვლავაც უკრაინელი სამხედროების პროვოცირებას ცდილობდნენ. ამავე დროს, უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტებმა ტექნიკის მხოლოდ მცირე ნაწილი გაიყვანეს, თანაც, უფრო მცირე მანძილზე, ვიდრე შეთანხმებით არის გათვალისწინებული, რათა მათი პოზიციებზე დაბრუნება 30-40 წუთში იყოს შესაძლებელი.

კომენტარები