ქალაქ თბილისის მერია

აბესაძე: გამოცხადებულ კონკურსში ჩაჭრილი ადამიანები კვლავ მერიაში მუშაობენ

droanews.ge

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ის ადამიანები, ვინც მერიაში ჩატარებული შესარჩევი კონკურსი ვერ გაიარა, კვლავ უწყებაში მუშაობენ. შესაბამისი დოკუმენტაცია ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინა. მისი განცხადებით, საქმე ეხება ტესტირებას, სადაც თანამშრომლების დიდმა ნაწილმა გამსვლელი ქულა - 45 ვერ აიღო, მაგრამ ისინი მერიაში რჩებიან, ოღონდ გადაიყვანეს უწყების სხვა სამსახურებში. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა აპირებს, საკრებულოში მერიაში ტესტირების მეორე ეტაპის ვიდეოჩაწერა მოითხოვოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანიაც. მისი თქმით, შესაძლოა დროებით მოვალეობის შემსრულებლად მერიაში რჩებიან ადამიანები, რომლებმაც კონკურსის რომელიმე ეტაპი ვერ გადალახეს და ხელახალი კონკურსის შემდეგ, მაქსიმუმ სამ თვეში ისინი დატოვებენ ამ თანამდებობებს. ჩაჭრილი თანამშრომლების უწყებაში მუშაობას ადასტურებს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძეც და ამას მათი უნარ-ჩვევებით ხსნის.

მერიის მოხელეთა კონკურსის დასრულების შესახებ განცხადება უწყებაში გასულ კვირაში გააკეთეს. მათი ინფორმაციით, სისტემაში კონკურსი 1033 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული და ორ ეტაპად ჩატარდა - ტესტირება და გასაუბრება. მერიაში განმარტეს, რომ კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 484 პრეტენდენტს გაუწია, ხოლო 549 ადგილი ვაკანტური დარჩა, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ხელახალი კონკურსი.

კომენტარები