ქალაქ თბილისის მერია

მერიის სისტემაში 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

amerikiskhma.com

დედაქალაქის მერიის მიერ 1033 ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგ, კომისიამ რეკომენდაცია 484 პრეტენდენტს გაუწია, 549 ადგილი კი კვლავ ვაკანტურია. ამას გარდა ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო სისტემაში თანამდებობიდან 445 თანამშრომელი გათავისუფლდა - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

"დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების 40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა.

გარდა ამისა, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია ეხმაურება გავრცელებული დოკუმენტს, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯოკია ბოდოკიას საქმესთან დაკავშირებით მერიის მაღალჩინოსების პირად საქმეებს ითხოვს. უწყების განცხადებით, თამაზ ცერცვაძე და დავით მოდულაშვილი დროებით მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ და მოდულაშვილი უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

 "რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. დავით მედულაშვილი, ვადის გასვლის გამო, დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე, გათავისუფლდება სამსახურიდან.
 
აქვე, გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მათთვის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამ ორი პირის შესახებ ინფორმაცია მომთხოვნს მიეწოდა. აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო" - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები