- ეროვნული ბანკი, ნაციონალური მოძრაობა და ბონუსად - ექსპერტები - ბიძინა ივანიშვილი ხელს სწორედ მათკენ იშვერს და სავალუტო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა დღეს მიმართვა გაავრცელა. მისი წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, სადაც ლარის ჯანსაღად ქცევაზე საუბრობდა და იმასაც ამბობდა, რომ ვალუტის გაუფასურება მოსახლეობას ტვირთად არ აწევს, ამჯერად ივანიშვილი ეროვნული ვალუტის კრიზისულ მდგომარეობას აღიარებს, თუმცა პასუხისმგებლობის არანირ წილს ხელისუფლებას არ აკისრებს. ივანიშვილის მოსაზრებებს მალევე თავი დაუკრეს საპარლამენტო უმრავლესობაში - ეროვნული ბანკი უმრავლესობის დეპუტატების თავდასხმის ობიექტიც გახდა.
- დღეს მთავრობის კანცელარიასთან და ფინანსთა სამინისტროსთან აქციები გაიმართა. მოქალაქეები მთავრობის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით აპროტესტებდნენ
- ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო ბიზნესომბუდსმენსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს, გიორგი გახარიას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სწორედ ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო იყო. გიორგი გახარიამ კომენტარი ბიზნესმენების მიერ შრომის ინსპექციის შექმნის გამო გამოხატულ უკმაყოფილებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი შეშფოთება ადეკვატურია. ბიზნესმენებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც ლარის გაუფასურებისა და ახალი რეგულაციების გამო შეექმნათ. ლუდის მწარმოებელი კომპანიები განმარტავენ, რომ მათ ფასების გაზრდა 30%ით მოუწევთ, რაც სავალუტო კრიზისთან ერთად, აქცისზე ფასის ზრდამ გამოიწვია.
- შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტსაც აკისრებს - გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ თხოვნით პარლამენტში მყოფმა ორივე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს.
ფოკუსი




