რუსული მანქანები

ჯანელიძე: რუსული სატრანზიტო ნომრებიანი მანქანები დასაშლელად შემოიყვანეს

ტაბულა

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მტკიცებით, რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კითხვაზე, "შეგიძლიათ თუ არა დანამდვილებით თქვათ, რომ ეს არ იყო რუსული სამხედრო მანქანები", მინისტრი პასუხობს, "რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი".

"მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთის, ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით, ამიტომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, როგორც აღმოჩნდა მერე, ნუ, არ ვიცი, ალბათ უხერხულ მდგომარეობაშია ის ხალხი, იმიტომ, რომ ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ "თავდაცვის სამინისტროს არანაირი შეხება არ აქვს საგზაო მოძრაობასთან და ტრანსპორტის გადაადგილებასთან".

კომენტარები