ფოკუსი

24 თებერვალი,2015

- დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა კიდევ 7 თეთრით გაუფასურდა და 21-ე საუკუნის მინიმუმს მიაღწია. დღევანდელ დღემდე ყველაზე გაუფასურებული ლარი 2002 წლის ივნისში იყო. დღეს ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 27 თეთრი ღირს. სავალუტო კრახის ძირითად მიზეზებს ხელისუფლება კვლავ საგარეო ფაქტორებში ეძებს თუმცა ანალიტიკოსთა უდიდესი ნაწილი შეთანხმდა, რომ ლარის გაუფასურება დიდწილად ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურებაა.

- თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა ახალი რეგულაციით საკუთარ თავს განსახილველ საკითხთა ლიმიტი დაუწესა - თუ ერთი განხილვის დროს სამსახურს 60 -ზე მეტი საკითხი დაუგროვდა, ისინი უბრალოდ საკუთარივე შემოღებული წესი შეაჩერებს. იურისტების თქმით, მსგავის რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში არსებულ მრავალ ნორმასთან.

- თბილისის მერიის ზედამხედვლეობის სამსახურის ხელმძღვანელს გეგი ნიჟარაძეს თანამშრომელზე ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი ავრცელებს ფარულ ჩანაწერს, საიდანაც მათი მტკიცებით, ეს დასტურდება. თავად გეგი ნიჟარაძე ბრალდებებს უარყოფს და ჩანაწერების ავთენტურობის შემოწმებას ითხოვს.

- რისთვის ხარჯავს თბილისის მთავრობა თანხებს - ამაზე დღეს დედაქალაქის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე დავობდნენ. საკრებულოს უმცირესობა თანხების მანქანების ყიდვისთვის და კონკრეტული შენობების გარე განათებისთვის ხარჯვას აპროტესტებს. გასულ წლებში გაწეული ხარჯებისკენ იშვერს ხელს საკრებულოს უმრავლესობა.

- „თუ რუსეთი ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ და დავიწყოთ კონკრეტული საკითხების განხილვა" - ეს ფრაზა საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ეკუთვნის. ზურაბ აბაშიძე ასე ვლადიმერ პუტინს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია წითელი ხაზების გვერდზე გადადება. ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირისპირი დიალოგის დაწყებაზე საუბარს და რუსეთის, როგორც შუამავლის და არა როგორც მხარის განხილვას საგანგაშოს უწოდებენ ოპოზიციაში.

- სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა . ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ახლა ამერიკაში, არიზონას უნივერსიტეტში სწავლობს თუმცა მან მზადყოფნა გამოთქვა თბილისში ჩამოვიდეს. პროკურატურა მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

- დღეს განათლების სამინისტროში კერძო სკოლების დირექტორებს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის განვითარების სქემა გააცნეს. ამ სქემის მიხედვით მასწავლებლები 4 კატეგორიად დაიყოფიან და განსხვავებული ანაზღაურება ექნებათ, დაგროვებული კრედიტების მიხედვით მათ ერთი კატეგორიიდან მეორესი გადასვლა შეეძლებათ. ნაციონალურ მოძრაობაში პროექტის საპლოტე ვერსიის ვადებს აპროტესტებენ.

- უკრაინაში კრიზისი გრძელდება - ხარკოვის ტერაქტში დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტერაქტი პრორუსმა მებრძოლებმა მოაწყვეს.
რუსი ინტერვენტები მინსკის შეთანხმების დარღვევას განაგრძობენ, მათ სამხედრო ძალები მარიუპოლთან გალაგეს და უკრაინულ ძალებს უტევენ.

კომენტარები