თბილისის მერია

თბილისის მერი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს ქმნის

თბილისის მერია

მარტის პირველ ნახევარში თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. ცენტრის შექმნის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღვანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მერია დაახლოებით სამი კვირაა მუშაობს. 

"2015 წლის მარტის პირველ ნახევარში შეიქმნება ცენტრი, რომელსაც ჩემი დავალებით უხელმძღვანელებს ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი. მას შემდეგ, რაც ცენტრი ოფიციალურად შეიქმნება და მარგიშვილი გახდება ხელმძღვანელი, ის ვიცემერის მოვალეობას აღარ შეასრულებს", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი მეწარმეებს გაუწევს დახმარებას და იმუშავებს იმაზე, რომ "ინვესტორების საქმიანობა წაახალისოს, დაეხმაროს მათ კაპიტალდაბანდების განხორციელებაში და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში".

კომენტარები