ლარის კურსის ვარდნა

ბეჟაშვილი ლარზე: პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უსწრაფესად უნდა მოიწვიონ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომა "უსწრაფესად" უნდა მოიწვიოს. ბეჟაშვილი თვლის, რომ მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობდეს მოსახლეობას, დაკავებულია შეთქმულების თეორიებით, საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებით.

"სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები. ლარი ფაქტიურად ჩამოიშალა. მთავრობა თავისი უმოქმედობით კიდევ უფრო უწყობს ხელს ამას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. მოსახლეობას უამრავი სესხი აქვს აღებული და საპროცენტო განაკვეთები ეზრდება. ქვეყანაში არის ინფლაცია და პროდუქტებზე ფასები იზრდება. მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობდეს მოსახლეობას, დაკავებულია შეთქმულების თეორიებით, საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებით.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული უსწრაფესად, რათა ჩვენ მთავრობას დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და მთავრობამ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უყურებენ ისინი სიტუაციიდან გამოსავალს. უნდა გადაიდოს ყველანაირი პოლიტიკური დაპირისპირება გვერდზე და პარასკევს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რათა საზოგადოებას აჩვენოს, რომ ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას და მას აქვს უნარი საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების", - თქვა ბეჟაშვილმა.

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტს მოუწოდა, 27 თებერვალს პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომა მოიწვიოს, რომელსაც პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები, ეკონომიკური გუნდის მინისტრები დაესწრებიან და საქართველოს ეკონომიკაში არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალს მოძებნიან.

შეგახსენებთ, რომ ლარი კვლავ გაუფასურდა. დღეს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით $40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამან ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა, რადგანაც აუქციონზე დოლარის ახალი ფასი 2,2619 დადგინდა. სწორედ 2,2619 იქნება ხვალიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ასეთი მაღალი ტემპით ეროვნული ვალუტა აქამდე არ გაუფასურებულა.

გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები