უკრაინის კრიზისი

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: დებალცევოში მოხდა ტერიტორიის მიტაცება

Washington Times

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ტონი ბლინკენის განცხადებით, პრორუსმა სეპარატისტებმა დამატებითი ტერიტორია ჩაიგდეს ხელში დებალცევოს სახით და, მისი თქმით, განიხილება მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

"დებალცევოში მოხდა ტერიტორიის მიტაცება... სეპარატისტებმა მოახერხეს იმის მიტაცება, რაც რუსეთის დახმარებით შეძლეს და, ჩემი აზრით, ამაზე პასუხის მოთხოვნაა საჭირო", - განაცხადა ბლინკენმა ასპენის ინსტიტუტში გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი თანამშრომლობს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა მოხდეს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. 

პრორუსმა სეპარატისტებმა დებალცევოს დაკავება გასულ კვირას მოახერხეს, მინსკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც ძალაში 15 თებერვალს შევიდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების უკან დახევას კონფლიქტის ზოლიდან, იმ პირობებში, როდესაც სეპარატისტების მხრიდან ცეცხლი არ შეწყვეტილა, არ აპირებს. უკანასკნელი ინფორმაციით, რუსი ინტერვენტები თავიანთ ძალებს ქალაქ მარიუპოლთან უყრიან თავს. უკრაინული წყაროების ცნობით, ამ მიმართულებით 350-მდე მებრძოლი და 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა გადაისროლეს. სეპარატისტები სოფელ შიროკინოში განლაგებული უკრაინული ძალების პოზიციებს ბომბავდნენ და სატანკო შეტევის განხორციელება სცადეს. გერმანული გამოცემა ბილდის ცნობით, გერმანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სეპარატისტები გაფრთხილა იმის შესახებ, რომ მარიუპოლზე შეტევა მინსკის შეთანხმების დარღვევად შეფასდება. ამავე დროს, შტაინმაიერის შეფასებით, უკრაინაში სიტუაციის განმუხტვის გარკვეული ნიშნები გამოჩნდა. ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ, რომ მძიმე შეიარაღების გაყვანა გამყოფი ხაზიდან ხვალიდან დაიწყება. ამ პროცესის დაწყება გუშინდელი დღიდან იყო დაგეგმილი.

უკრაინის ცნობით, ხარკოვში ტერაქტის შემსრულებლებმა ინსტრუქციები და იარაღი რუსეთიდან მიიღეს. გუშინ ხარკოვში, მაიდნის წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. სამართალდამცველებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. უშიშროების სამსახურის ცნობით, მსგავსი ტერაქტი ოდესაშიც იგეგმებოდა, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.

 

კომენტარები