კრიზისი უკრაინაში

რუსმა ინტერვენტებმა ძალები მარიუპოლისკენ გადაისროლეს

BBC.COM

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსი ინტერვენტები თავის ძალებს ქალაქ მარიუპოლთან უყრიან თავს. უკრაინული წყაროების ცნობით, ამ მიმართულებით 350-მდე მებრძოლი და 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა გადაისროლეს. სეპარატისტები სოფელ შიროკინოში განლაგებული უკრაინული ძალების პოზიციებს ბომბავდნენ და მათ სატანკო შეტევის განხორციელება სცადეს. გერმანული გამოცემა ბილდის ცნობით, გერმანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სეპარატისტები გაფრთხილა იმის შესახებ, რომ მარიუპოლზე შეტევა მინსკის შეთანხმების დარღვევად შეფასდება. ამავე დროს, შტაინმაიერის შეფასებით, უკრაინაში სიტუაციის განმუხტვის გარკვეული ნიშნები გამოჩნდა. ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ, რომ მძიმე შეიარაღების გაყვანა გამყოფი ხაზიდან ხვალიდან დაიწყება. ამ პროცესის დაწყება გუშინდელი დღიდან იყო დაგეგმილი.

ხარკოვში ტერაქტის შემსრულებლებმა ინსტრუქციები და იარაღი რუსეთიდან მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურში განაცხადეს. გუშინ ხარკოვში, მაიდნის წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. სამართალდამცველებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. უშიშროების სამსახურის ცნობით, მსგავსი ტერაქტი ოდესაშიც იგეგმებოდა, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პოროშენკოს ინიციატივას ქვეყანაში გაეროს მანდატით სამშვიდობო ძალების შეყვანის შესახებ. კიევში ყოფნისას ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აიღეს. პოლონეთის, ასევე ლიტვის, გერმანიის, მოლდოვის, საქართველოს პრეზიდენტებმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა მაიდნის ტრაგედიის წლისთავისადმი მიძღვნილ ღირსების მარშში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები